"მმართველ ძალას გააჩნია უმრავლესობა, სამწუხაროდ, შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ეს გადაწყვეტილება" - შალვა კერესელიძე გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე

შალვა კერესელიძე

 გრანტების შესახებ, ასევე რამდენიმე კანონში შესაბამისი ცვლილებები, სავარაუდოდ, დღეს საბოლოოდ დამტკიცდება. საკითხს კანონმდებლები სესიაზე უყრიან კენჭს.

სიახლის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ შეზღუდვა გრანტებთან მიმართებით შეეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან.

ცვლილებებს მხარს არ უჭერს გახარიას გუნდი. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღნიშნულ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ, "ოცნებას" უმრავლესობა აქვს და დამოუკიდებლად შეუძლიათ სიახლის მიღება.

"მესამე მოსმენით გადის ეს კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ "ოცნება" მიიღებს ამ კანონპროექტს. ჩვენ პირველ და მეორე მოსმენის დროსაც წინააღმდეგი წავედით, მხარი არ დავუჭირეთ, პარლამენტის პოლიტიკური ტრიბუნაც გამოვიყენეთ, პრინციპული გამოსვლებიც გვქონდა, მაგრამ მმართველ ძალას გააჩნია უმრავლესობა, სამწუხაროდ, შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.