მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც შსს-ს ხელმძღვანელობას, ასევე თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლებს, ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება ასეთი იუველირული სპეცოპერაციის, რომელიც მათ ჩაატარეს დამხობის მცდელობის წინააღმდეგ - პრემიერი

კობახიძე

ყველამ ნახა საჯაროდ, როგორ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ რიგით პოლიციელს, სპეცრაზმელს,  სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლებს, ყველას, ვინც იყო ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს ოპერაცია ყველამ ჩაატარა უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება ასეთი იუველირული სპეცოპერაციის, რომელიც მათ ჩაატარეს დამხობის მცდელობის წინააღმდეგ.

„ასევე, ამ დღეების განმავლობაში უმაღლეს დონეზე იმუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, უსაფრთხოების სამსახური მუშაობს არა საჯაროდ, შესაბამისად, გარეთ არ ჩანს მათ მიერ გაწეული სამუშაო, თუმცა შემიძლია გითხრათ ძალიან ზოგადად, რომ მათ მიიღეს უამრავი პრევენციული ზომა. ძალიან ბევრი საფრთხე წინასწარ გაანეიტრალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ამან გაამარტივა უშუალოდ 4 ოქტომბერს სპეცოპერაციის ჩატარება და ამისთვის მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვინც იყო ჩართული ამ პრევენციული ზომების მიღებაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. რომ არა პრევენცია, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნებოდა უფრო რთულად 4 ოქტომბერს, მაგრამ პრევენციულმა ზომებმა ბევრად გაამარტივა ის სპეცოპერაცია, რომელიც საჯაროდ იხილა საზოგადოებამ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.