მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის შეხვდა.

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებული დიალოგის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურებისა და სხვადასხვა დარგში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, უპრეცედენტო გლობალური გამოწვევებისა და რისკების ეპოქაში, საქართველოსათვის განსაკუთრებით ღირებულია სლოვაკეთთან ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება და საერთაშორისო ფორმატებში ერთმანეთის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის დაცვის მიზნით გაწეული ძალისხმევისათვის.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო აფასებს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.