მიხეილ ყაველაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: ეს პროექტი სერბეთში უკვე განხორციელებული ვნახე, ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია ბელგრადში. ამან მისცა ბიძგი სხვა ინვესტორებსაც და ბელგრადი ძალიან კარგად ვითარდება

მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენი პრემიერი თეორიულად ხსნიდა თუ რა იგეგმება ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. მე ჩემდა საბედნიეროდ, ეს ყველაფერი სერბეთში უკვე განხორციელებული ვნახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

„სპეციალურად გამომყვა [სერბეთის] ვიცე-პრემიერი, რომ მე მენახა იგლ ჰილსის მიერ განხორციელებული ანალოგიური პროექტი. რაც ვნახე, ენით აღუწერელი სიამოვნება მივიღე, ვნახე რა იყო მანამდე, და დღეს რას წარმოადგენს - ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია ბელგრადში. ამან მისცა ბიძგი სხვა ინვესტორებსაც და ბელგრადი ძალიან კარგად ვითარდება, უსაფრთხო ქალაქია“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - რა მოტივი აქვთ მათ, ვინც ამ პროექტს ეწინააღმდეგება? - პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ამ პროექტის წინააღმდეგ ბრძოლა, „ბიბისის“ ყალბი რეპორტაჟი, ელისაშვილის ქმედება, რადიკალური ფრთა, რომელიც გამოდის და რას აპროტესტებენ თავადაც არ იციან, კაია კალასის გზავნილები, - ეს ერთი ქსელია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. ამ ქსელს კი მართავს ძლიერი ძალა - დიფ სთეითი, რომელსაც უნდა ჰყავდეს მარიონეტული ხელისუფლება საქართველოში, რომელიც მის დავალებებს შეასრულებს“.