მეჰრიბან ალიევა ძალიან დაინტერესებულია ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული მიმოცვლით და სხვადასხვა პროექტებით - თინათინ რუხაძე

თინათინ რუხაძე

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია. მეჰრიბან ალიევასთან ერთად მუზეუმში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრები მუზეუმის ისტორიას გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს საექსპოზიციო სივრცე და ახუნდოვის კულტურის ცენტრი, სადაც შეხვედრები, გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდება.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პირველი ლედი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ეწვია. სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, მათ შორის, "ქვის ხანა საქართველოში", რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური მასალა.

საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ამბობს, რომ მეჰრიბან ალიევა ძალიან დაინტერესებულია ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული მიმოცვლით და სხვადასხვა პროექტებით.

"სასიამოვნოა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციას და ქალბატონ მეჰრიბან ალიევას ვუმასპინძლეთ. ორი მუზეუმი მოინახულა. მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმი და ეროვნული მუზეუმი. მადლობა გადავუხადეთ იმ ხალიჩებისთვის, რომელიც ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა. დავახვედრეთ არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული ხალიჩებით ექსპოზიცია მომზადდა. ძალიან დაინტერესებულია ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული მიმოცვლით და სხვადასხვა პროექტებით. გვქონდა დრო, დეტალურად გვესაუბრა სხვადსხვა ტიპის მსგავს პროექტებზე და ვფიქრობ, რომ ეროვნული მუზეუმი, წელს ზაფხულში, უკვე საზაფხულო სკოლის ფორმატით დაიწყებს აზერბაიჯანელი ახალგაზრდა შემოქმედების და მეცნიერების მოწვევას. აზერბაიჯან- საქართველოს ურთიერთდაკავშირებადობას, კულტურული ურთიერთობები, როგორც თეატრალური, ისე სამუზეუმო, ისე სამეცნიერო სფეროში, კიდევ და კიდევ გაღრმავდება", - აღნიშნა თინათინ რუხაძემ.