1750119344
„მე პოლიტიკაში იმისთვის არ ვარ, რომ კვლევების კომენტირება ვაკეთო, გადაწყვეტილებებს ჩვენ კვლევების მიხედვით არ ვიღებთ“ - თაზო დათუნაშვილი

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში იმისთვის არ არის, რომ კვლევების კომენტირება აკეთოს, რადგან ისინი გადაწყვეტილებებს კვლევების მიხედვით არ იღებენ.
როგორც დათუნაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესის მიხედვით მიიღება.
„მე პოლიტიკაში იმისთვის არ ვარ, რომ კვლევების კომენტირება ვაკეთო. კვლევები ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა პულსზე ხელის დასადებად, მაგრამ გადაწყვეტილებებს ჩვენ კვლევების მიხედვით არ ვიღებთ. გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესის მიხედვით მიიღება. პოლიტიკური პროცესი რას გვაჩვენებს ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში და სად არის? პოლიტიკური პროცესი არის ლეგალისტური ავტოკრატიის დამყარებაში. ანუ პოლიტიკური მთავარი ინსტრუმენტის, საპარლამენტო ბერკეტის გამოყენება დღეს დება იმისთვის, რომ მიიღება კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას. ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს კონსტიტუციაზე დგას და ის კანონები, რომლებსაც იღებს ავტოკრატიის გასამყარებლად მოქმედი ხელისუფლება, ძირითადად ემსახურება ამ კონსტიტუციის და ამ სუვერენიტეტის მოკვლას. ეს კანონები ემსახურება იმას, რომ თქვენი და ჩემი ძირითადი უფლებები - გამოხატვის, შეკრების თავისუფლება და ყველა სხვა თავისუფლება იქნას შეზღუდული და მოქცეული ისეთ ჩარჩოებში, როგორ ჩარჩოებშიც ასეთ რამეს აქცევს რუსეთი“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.