1779191900
მათიკაშვილი აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ პირებზე: უმნიშვნელოვანესია, თუნდაც ამდენი წლის შემდეგ, ოჯახებს მიეცათ საშუალება, რომ დაიტირონ ქართველი გმირები
ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, ვინც თავი შესწირა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამძიმარზე.
დავით მათიკაშვილმა, გადმოსვენებული პირის ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უმნიშვნელოვანესია, თუნდაც ამდენი წლის შემდეგ, ოჯახებს მიეცათ საშუალება, რომ დაიტირონ ქართველი გმირები. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.











