მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები

მარიამ ქვრივიშვილი

უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო- უზბეკეთის ბიზნესფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.
მისი თქმით,  საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომ 2 ივლისს ქვეყანაში უზბეკეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტია დაგეგმილი.

„მსურს, მივესალმო ჩემს დიდ მეგობარსა და ძვირფას კოლეგას, მინისტრ კუდრატოვს, რომელიც პირველად იმყოფება საქართველოში. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყანა თქვენზე შთაბეჭდილებას მოახდენს და კვლავ გიხილავთ საქართველოში. ასევე, მინდა, მივესალმო თითოეულ თქვენგანს, ძვირფასო მონაწილეებო: ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ძვირფას ელჩებს, სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებს. განსაკუთრებული მადლიერება მინდა, გამოვხატო სავაჭრო-სამრეწველო პალატის გუნდის მიმართ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომ ხვალ ველოდებით უზბეკეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების ოფიციალურ ვიზიტს. ამ ტიპის ინიციატივებს, რომლებიც აერთიანებს როგორც G2G, ისე B2B ურთიერთობებს და ეხმარება ბიზნესსექტორს მჭიდრო კავშირების დამყარებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველ კვარტალში უფრო ხელშესახები შედეგები გვქონდეს ჩვენი ეკონომიკების ზრდის კუთხით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველყოს ეკონომიკის არა მხოლოდ მდგრადი, არამედ დივერსიფიცირებული ზრდა.

„დივერსიფიკაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყოველთვის გამოვყოფთ ხოლმე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ცენტრალური აზიის რეგიონში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე საუბრისას, უზბეკეთს მუდამ მოვიაზრებთ ერთ-ერთ უპირატეს პარტნიორად, რომელთანაც, საბედნიეროდ, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტი, ტურიზმი და მრავალი სხვა სფერო თითქმის ყოველთვიურად იზრდება. ჩვენ უკვე გვქონდა რამდენჯერმე ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა. ჩემთვის დიდი პატივია, ამ ვიზიტის ფარგლებში ერთობლივად მოვაწერთ ხელს განვითარების ერთწლიან გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების დაკავშირებადობას. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი ეთმობა იმას, თუ როგორ გავზარდოთ ვაჭრობა, როგორ გავაძლიეროთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი, როგორ განვავითაროთ მასპინძლობის სფერო და როგორ წავახალისოთ სხვა სახის ინვესტიციები შესაბამის დარგებში. მჯერა, დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენს შორის მეტი კონტაქტის დასამყარებლად“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  ეკონომიკა მაშინ იზრდება, როდესაც ძლიერი კერძო სექტორია და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი როლი სწორედ ბიზნესებს შორის ურთიერთობების მხარდაჭერაა.

„ვიდრე ჩვენი ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე რამდენიმე სიტყვას ვიტყოდე, ნება მიბოძეთ, გითხრათ, როგორ იზრდება საქართველოს ეკონომიკა. ჩვენთვის დიდი პატივია და საამაყოა, რომ იმ გზით, რომლითაც ჩვენი ეკონომიკა ვითარდებოდა, კერძოდ 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,3% შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება სწორ მმართველობასა და გამჭვირვალობას. გიორგიმაც მართებულად და განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის სწორედ ის, რამაც 2021-2025 წლებში 9,3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა. გულახდილად ვიტყვი, რომ 2026 წელიც საგრძნობლად წარმატებული აღმოჩნდა: კერძოდ, წლის დასაწყისში 7,8%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვქონდა, რაშიც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა სექტორმა, IT სექტორმა, განათლებამ, ზოგადად პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა და, რა თქმა უნდა, მასპინძლობის სფერომ. ასევე ძალიან ვამაყობთ, რომ მოლოდინები საქართველოს მიმართ სულ უფრო იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოკლე და საშუალოვადიანი პროგნოზების თანახმად, 2026-2030 წლებში პერიოდში, საქართველო რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა იქნება, ეკონომიკური ზრდის საშუალო 5,4%-იანი მაჩვენებლით. ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი გარემოს წყალობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საგრძნობლად იზრდება. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო გასული წლის მიღწევა, როდესაც FDI-ის სახით 8,7 მილიარდი აშშ დოლარი მოვიზიდეთ. ამასთანავე, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდება მშპ-სთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 2021-2025 წლებში, საშუალოდ, დაახლოებით 6%-ს აჭარბებდა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, კვლავ ერთგული ვართ ჩვენი ძირითადი და საკვანძო სტრატეგიული სექტორების შემდგომი განვითარების მიმართ. ჩვენ ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებზე, და ძალიან მოკლედ მსურს აღვნიშნო, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, 2032 წლამდე, საქართველოს მთავრობა დაახლოებით შვიდ მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში. ეს გულისხმობს ავტომაგისტრალებისა და გზების მოდერნიზაციასა და მშენებლობას, ეს ნიშნავს ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პროექტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც დაახლოებით 45 ახალი ლოკომოტივისა და 1500-მდე ვაგონის დამატებას გულისხმობს. და ბოლოს, ჩვენ ასევე ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს დედაქალაქში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ უზრუნველვყოფთ ტვირთბრუნვის ზრდას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „შუა დერეფანზე“ ვსაუბრობთ, არამედ, ამავდროულად, ვაგრძელებთ მასშტაბურ ინვესტიციებს იმისათვის, რომ არა მარტო მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა გვქონდეს, არამედ გარდავქმნათ და შევცვალოთ ჩვენი პოზიციონირება: ვიყოთ არა მხოლოდ სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ტვირთების აკუმულირება, პროდუქციის წარმოება და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის საიმედო მოკავშირედ დარჩენა, როდესაც საქმე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებას ეხება. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული დინამიკა უაღრესად იმედისმომცემია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, პარტნიორობასა და კავშირებს, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მოაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტატისტიკური მაჩვენებელი უშუალოდ ტვირთბრუნვის თვალსაზრისით.

„ხაზი უნდა გავუსვა როგორც საკონტეინერო, ისე ნაყარი ტვირთების გადაზიდვას და ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ უზბეკეთი იზრდება, უნდა ვიყოთ მზად, რომ ყაზახეთი იზრდება, აზერბაიჯანი იზრდება და ჩვენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიზრდებით. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, დღესვე დავიწყოთ ინვესტირება ჩვენს ძირითად ინფრასტრუქტურაში, რათა თქვენ, ანუ ბიზნესის წარმომადგენლებმა, მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლოთ, მეტი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნათ და მეტი სიმძლავრეები გქონდეთ როგორც არსებულ საოპერაციო ძალების, ისე ახალ ინფრასტრუქტურის ფარგლებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი და, ზოგადად, „შუა დერეფანი“ გახდეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი, არამედ მთავარი და ყველაზე საიმედო მარშრუტი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.