1769975663
მარიამ ლაშხი, ვიქტორ სანიკიძე და ვლადიმერ ბოჟაძე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIEPS) წარმომადგენლებს შეხვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIEPS) ვიცე - პრეზიდენტს ბრანისლავ ანტალას და ამავე ფედერაციის ევროპის რეგიონალური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს დარიო ნოვაკს შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს ინიციატივა, რომელიც სპორტის უფრო აქტიურად დანერგვას ემსახურება როგორც სკოლებში, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
„საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის წევრია. ვისაუბრეთ საგანმანათლებლო პროგრამის - სპორტის მენეჯმენტის დახვეწაზე. შევთანხმდით ქვეყნებს შორის გაცვლითი პროგრამების დანერგვასა და სპორტის სფეროში ექსპერტული ცოდნის გაზიარებაზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ კავკასიაში პირველი რეგიონალური ცენტრის გახსნა, რომელიც საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს და რეგიონში ჰაბის ფუნქციას შეასრულებს.
საუბარი შეეხო საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის ჩატარების საკითხსაც.
„2028 წელს, საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 22-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 250-ზე მეტი მეცნიერი და სპორტის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.











