მამუკა მდინარაძე, რომელმაც ყველა წინა პოზიციაზე მუშაობის დროს თავისი ძლიერი მხარეები აჩვენა, საუკეთესო კანდიდატურაა - ნინო წილოსანი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნაზე

ნინო წილოსანი

მიმდინარე კვირაში ქვეყანას სახელმწიფო მინისტრი ეყოლება. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ მდინარაძეს დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილება გააჩნია, რომელიც სუს-სა თუ პარლამენტში არაერთხელ გამოავლინა. შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით, მას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება.

ვიცე-პრემიერის რანგში კი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მმართველი გუნდისთვის დამატებით გაძლიერებას ნიშნავს.

მმართველ გუნდში ასევე აცხადებენ, რომ სუს-ის უფროსის პოზიციას ღირსეულად გაუძღვება გეკა გელაძე. გელაძის პოსტს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე კი სულხან თამაზაშვილი გადაიბარებს.

მიმდინარე ცვლილებები შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. ნინო წილოსანის განცხადებით, ცვლილებები სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება მიზნად.

"მისი გადანაცვლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ სამსახურის გაძლიერებას ემსახურება. სისტემა, რომელიც მამუკა მდინარაძემ სათანადოდ გამართა და ააწყო, ახლა გელაძის ხელმძღვანელობით გააგრძელებს იმ წარმატებით დაწყებულ ინიციატივებსა და პოლიტიკას, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა.

მამუკა მდინარაძე, რომელმაც ყველა წინა პოზიციაზე მუშაობის დროს თავის ძლიერი მხარეები აჩვენა ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატურაა. რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრი მას ენდობა და განსაკუთრებულ ფუნქციებს ანიჭებს. მამუკა მდინარაძე, არის ძალიან კარგი და ეფექტიანი კომუნიკატორი, როგორც პოლიტიკოსი, ამიტომ მისი დაბრუნება საჯარო სივრცეში იქნება ჩვენი გუნდის გაძლიერება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.