მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროგრესით და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რასაც მისი სტაბილური სამართლებრივი სისტემა და ბიზნესგარემო განაპირობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ წინსვლა შეძლო.

ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას.

„სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მიერ ჩატარებული „ღია ბიუჯეტის 2023 წლის კვლევის“ თანახმად. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 7 წევრ სახელმწიფოს „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მონაცემების შესაბამისად. მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ – საქართველო 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია.

საქართველომ ეს წინსვლა შეძლო, მიუხედავად უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას. ჩვენ კვლავაც მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო დაკავშირებადობის გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. ბოლო წლებში ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს – განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, საგადასახადო და საბაჟო სისტემების გაუმჯობესების სფეროებში. საქართველო მომავლშიც მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტიანი და ინკლუზიური გლობალური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას. დასასრულს, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განვითარების დაფინანსების მეოთხე კონფერენცია (FfD) მხოლოდ პროგრესის შემაჯამებელ პლატფორმად არ უნდა დარჩეს. მან მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს შემდგომ ქმედებებს. საქართველო მზად არის, შეასრულოს თავისი როლი და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ფინანსურმა სისტემებმა უზრუნველყონ არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური და მდგრადი განვითარება ყველასთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.