1751399667
პარლამენტმა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებმა 81 ხმით მხარი დაუჭირეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას მე-11 მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე.
კომისიის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, დროებითი კომისიის უფლებამოსილებისთვის განსაზღვრული 3 თვე ვერ იძლევა მასშტაბური და სისტემური ამოცანების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობას, რაც კომისიის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული. მისივე თქმით, თემების სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა პარტნიორების კოორდინირებული მუშაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კომისიის ვადის გაგრძელება მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
„კომისიის საქმიანობის ვადის გაგრძელება უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს იმისათვის, რომ სრულად განხორციელდეს დაგეგმილი ღონისძიებები და რეალურად გაუმჯობესდეს ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა როგორც პოლიტიკის ფორმირების, ასევე პრაქტიკულ დონეზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.მისივე თქმით, კომისიას განსაზღვრული აქვს მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები, ესენია: ბავშვთა დაცვა და მათი შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა ციფრულ სივრცეში, ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკურ გაძლიერება, ოჯახების მხარდაჭერა და დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობა.