მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო და უნგრეთი ვიზიარებთ საერთო ძალისხმევას მშვიდობის მიმართ და ვხედავთ ომის დამანგრეველ შედეგებს ევროპაში, ეს ნათლად აჩვენებს ფრთხილი პოლიტიკის მნიშვნელობას

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს და უნგრეთს გვაერთიანებს ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობისა და ღირებულებებისადმი, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა ევროკავშირი და რომელსაც დღეს დიდი საფრთხე ექმნება ევროპის მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მადლობას გიხდით გულთბილი მასპინძლობისთვის ამ შესანიშნავ ქალაქში. ყოველთვის სასიამოვნოა ამ ქალაქში სტუმრობა და თქვენთან შეხვედრა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენი ქვეყნები მხოლოდ მეგობრები არ არიან, არამედ ჩვენ გვაერთიანებს სტრატეგიული მიზანი, რომელზეც ვისაუბრეთ. ჩვენ გვაერთიანებს ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობისა და საერთო ღირებულებებისადმი, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა ევროკავშირი და რომელსაც დღეს დიდი საფრთხე ექმნება ევროპის მასშტაბით.

პირველ რიგში, მსურს, გულწრფელი მადლობა გამოვხატო უნგრეთის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. სუვერენიტეტის დაცვა დღევანდელ გამოწვევებით სავსე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოს მთავრობაც და უნგრეთის მთავრობაც აშკარად აცნობიერებენ იმ რისკებს, რომლებიც უკავშირდება სუვერენიტეტზე თავდასხმას და საჭიროებს მის მტკიცედ დაცვას, მიუხედავად ხშირი კრიტიკისა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი სუვერენული უფლებების დაცვის დროს. ერთობლივი ძალისხმევა, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი საერთო მომავლისთვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ერთმანეთთან დაკავშირებული.

ჩვენ ასევე ვიზიარებთ საერთო ძალისხმევას მშვიდობის მიმართ და ვხედავთ ომის დამანგრეველ შედეგებს ევროპაში. ეს ნათლად აჩვენებს პასუხისმგებლიანი და ფრთხილი პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს შემდგომი არასტაბილურობის თავიდან აცილებას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.