1765480415
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში. საქართველო ამის საუკეთესო მაგალითია
ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო არის ამის საუკეთესო მაგალითი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
წამყვანმა მას ჰკითხა, „უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ევროკავშირისთვის არის მიუღებელი და როგორც ევროკომისარი კალასი ამბობს, ჩვენ ასე არ ვიქცევით, ეს პრინციპი ჩვენთვის აბსოლუტურად დაუშვებელიაო, მაგრამ ამას ამბობს, როდესაც საქმე ეხება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, რა გზავნილია ეს საქართველოსთვის?“.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, „ასე ალბათ ვერ ვიქცევით“ - ეს უფრო სწორი იქნებოდა ამ განცხადებაში.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო არის ამის საუკეთესო მაგალითი. თუმცა, ბრიუსელს, ასე ვთქვათ, კარგად ნამდვილად არ გამოსდის. არ გამოუვიდა, ნამდვილად ძალიან უხეში ფორმებით მოხდა ამის განხორციელება, ამის გაკეთება, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, შიდა საქმეებთან შეხებას, რამაც ნამდვილად არ გამოიღო კარგი შედეგი და რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ბრიუსელთან ურთიერთობები. ამ შემთხვევაში საუბარი როდესაც შეეხება აშშ-ს, იმ გლობალურ მოთამაშეს, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული გლობალურად, მაშინ უკვე ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან სულ სხვაგვარი გზავნილი ისმის და სხვაგვარად ხდება, ასე ვთქვათ პოზიციონირება. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელ რეალობაშიც დღევანდელი ბრიუსელი არის, რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. კრიტიკა, რომელსაც თარგმნიან თავდასხმად, რაც თავდასხმა სულაც არ არის. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ თუკი ჩვენ გვსურს და ჩვენ გვსურს ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, რომელიც არის დღეს დღევანდელი ევროპის სახე, რა თქმა უნდა, ჩვენი სუბიექტური სურვილიც იქნებოდა, რომ ეს ევროკავშირი იყოს ძლიერი და ეს ევროკავშირი იყოს ისეთი, რომლის წევრობაც ჩვენ გვინდა. სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ძალიან რთული საყურებელია ის პროცესები, რა პროცესებიც მიმდინარეობს ევროკავშირში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს ყველაფერი იქით მოტრიალდება, რომ რეალობის უგულებელყოფას აღარ გააგრძელებს ბრიუსელი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.











