მაკა ბოჭორიშვილი: არც ერთ ქვეყანასთან, თუ ორგანიზაციასთან მიმართებით არ გადაგვიდგამს რადიკალური ნაბიჯები, თუმცა რადიკალური ნაბიჯები ვიხილეთ კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან

მაკა ბოჭორიშვილი

ასეთი რადიკალური ნაბიჯები ჩვენ არ გადაგვიდგამს არც ერთ ქვეყანასთან, თუ ორგანიზაციასთან მიმართებით, თუმცა საკმაოდ რადიკალური ნაბიჯები ვიხილეთ კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, შეიძლება თუ არა, გააქტიურდეს ევროკავშირის ელჩის ქვეყნიდან გაწვევის საკითხი მას შემდეგ, რაც ის დაბარებული იყო საგარეო უწყებაში, რადგან ამაზე განცხადებები ცალკეულმა დეპუტატებმა გააკეთეს, რომ ისინი საერთოდ მხარს უჭერდნენ ელჩის ქვეყნიდან გაწვევას.

„მოდით, ნუ ავყვებით ჩვენც იმ პროვოკაციებს, რა პროვოკაციებიც მოდის საქართველოსთან მიმართებით. იმიტომ, რომ თუნდაც, კონკრეტული ელჩების აქტივობები, რომელიც ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ, ერთგვარად, როგორ შეიძლება, შევაფასოთ, ხომ? არის პროვოკაციული, რომ რაღაცნაირად, გქონდეს რეაგირება, რომელიც ისევ და ისევ შენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ასე რომ, ეს არაფერს მოგვცემს, არაფრის მომტანია ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ, ელჩი ასრულებს დავალებას, როგორ ასრულებს და რა ენთუზიაზმით, სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ნუ აღვიქვამთ მათ, როგორც ცალკეულ მოთამაშეს, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად და სრულიად თავისი ინტერესებით მოქმედებს; რა თქმა უნდა, მათ უკან დგას გარკვეული ძალები, რა თქმა უნდა, იქ არის სწორედ პრეტენზიები გასაგზავნი და იქ არის გასარკვევი, თუ რა ინტერესებს, რას ემსახურება ეს ყველაფერი და რატომ ასეთი დამოკიდებულება. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც არის ჩვენ ხელში ჩვენი პოზიციების გასაჟღერებლად, ჩვენი წუხილების დასაფიქსირებლად და სწორედ ამგვარად გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, რაც არის სამართლიანი. ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ეს ჩვენი სამართლიანი რეაქციები შეიფუთოს, როგორც თავდასხმები, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიზიარებთ ამ შეფასებას, არავინ არავის არ ესხმის თავს, ჩვენ ვიცავთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ვიცავთ არასამართლიანი მიდგომებისგან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო მისთვის დამატებითი სტატუსის ქონა, რადგან რამდენიმე დღის წინ მას ვიცე-პრემიერის სტატუსის მიენიჭა და დღეს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყველაზე მეტი კონტაქტი აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ბუნებრივია, აქვს ყველაზე მეტი კონტაქტი.

„პირველი მოვალეობა ჩემი ეს არის სწორედ, რომ წარმოადგინო ჩემი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. რა თქმა უნდა, როდესაც გაქვს უფრო მეტი რანგი, უფრო მეტი პრივილეგიაა ერთგვარად, რომ იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში; ეს მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელობას უმატებს იმ საქმეს, რა საქმესაც აკეთებ ქვეყნის გარეთ და უფრო მეტად არის შეფასებული, როგორც მნიშვნელოვანი, მისი მნიშვნელობა უფრო მაღალია, ეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა დღეს და გაუსვა ხაზი სწორედ ამას, რომ ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა ჩვენი ქვეყნის პოზიციები კიდევ უფრო მაღალი რანგიდან იყოს გაჟღერებული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.