ლევან ჟორჟოლიანი: ქართველ მწარმოებლებთან ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ ქსელებთან, დისტრიბუტორებთან ურთიერთობაში, ყველა თანხმდება, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია

ლევან ჟორჟოლიანი

სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამჯერად ქართველ მწარმოებლებთან. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც, ზოგადად, მწარმოებლებს აწუხებთ ქსელებთან, დისტრიბუტორებთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ცალსახად თანხმდება იმ საკითხთან მიმართებით, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია.

„მათ ასევე დააყენეს ქართული წარმოების ხელშეწყობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირად ხდება, რომ ქართველ მწარმოებელს ურჩევნია, ექსპორტზე გაიტანოს ქართული პროდუქცია, ვიდრე შიდა ბაზარზე დატოვოს გასაყიდად იმ გარემოდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის შექმნილი. სწორედ ამ გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.