ლევან მახაშვილი: საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობები სავარაუდოდ იქნება, მაგრამ თითოეულ გადაცდომაზე სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება

ლევან მახაშვილი

თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, პროცესი მშვიდად ჩაივლის და ქვეყანა 5 ოქტომბრიდან განვითარებას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ლევან მახაშვილის თქმით, საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობები იქნება, მაგრამ სახელმწიფოს რეაგირება ექნება.

რაც შეიძლება, სავარაუდოდ მოხდეს, იქნება ის, რომ ეს ძალები შეეცდებიან, საარჩევნო პროცესი ჩაშალონ – რომელიმე საარჩევნო უბანზე შევარდნენ, ბლოკირება მოახდინონ ან ცესკო-ს წარმომადგენლებს საკუთარი უფლებამოსილების შესრულება არ აცალონ. სახელმწიფოს თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება ექნება. სისტემური თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით არაფერი მოხდება. ცალკეულ შემთხვევებში, სადაც შეეცდებიან, რომ არჩევნები ჩაიშალოს, ამის აღკვეთა მოხდება.

მათ განცხადებებში ხელისუფლების ხელში ჩაგდების გაშმაგებული წყურვილია. ამ სურვილის რეალიზებას ყველა ფორმით შეეცდებიან, მით უმეტეს, ახლა, როცა რადიკალები არჩევნებში არ მონაწილეობენ და სხვა რა აქვთ? როცა არჩევნებში არ მონაწილეობენ, გამოსავალია, ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე ძილი გაიტეხო და ამაზე იფიქრო. ეს სერიოზული სურვილები არ არის, რასაც ასრულება არ უწერია. მცდელობები იქნება, მაგრამ სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, – განაცხადა მახაშვილმა.