ლევან მახაშვილი რადიკალებზე: ოთხი წლის თავზე საითკენაც უბიძგებდნენ ქვეყანას, იმავეს აკეთებენ დღესაც. ოთახებში კრიმინალური ოჯახებივით რომ იკრიბებიან, დონ კორლეონესავით, იქ კი არ შეიკრიბონ, რეგიონებში გავიდნენ და ხალხს მოუსმინონ

ლევან მახაშვილი

ოთხი წლის თავზე რასაც ამბობდნენ და საითკენაც უბიძგებდნენ ქვეყანას, იმავეს აკეთებენ დღესაც. ვერ ისწავლა ამ ხალხმა ჭკუა, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

მახაშვილის თქმით, ხალხმა, საზოგადოებამ დაინახა რეალურად ვინ არიან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები, პასუხისმგებლობიანი პარტიები და ვინ უპასუხისმგებლო.

„ამას შეგვიძლია დავარქვათ ძალიან მარტივად, ზოგიერთი ცხელი თავი ცდილობს ომობანას თამაშს. ვერ გამოვიდა ამ ასაკიდან, დროა გაიზარდონ და პასუხისმგებლობა აიღონ სახელმწიფოზე. ეს არ არის რომელიმე კომპიუტერული თამაშის თამაში, ეს არის სახელმწიფო, ხალხი, რომლის მშვიდობიან, ნორმალურ განვითარებაზე პასუხისმგებლობა აქვს ასაღები ნებისმიერ პოლიტიკოსს. ოთხი წლის თავზე რასაც ამბობდნენ და საითკენაც უბიძგებდნენ ქვეყანას, იმავეს აკეთებენ დღესაც. ვერ ისწავლა ამ ხალხმა ჭკუა. ოთახებში კრიმინალური ოჯახებივით რომ იკრიბებიან დონ კორლეონესავით, იქ კი არ შეიკრიბონ, რეგიონებში გავიდნენ და ხალხს მოუსმინონ, რას ეუბნება და რა დაკვეთას აძლევს ხალხი.

ხალხმა, საზოგადოებამ დაინახა რეალურად ვინ არიან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები, პასუხისმგებლობიანი პარტიები და ვინ უპასუხისმგებლო. ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია, პირდაპირ გაწირვა ქვეყნის და საზოგადოების. დღეს იგივე პოლიტიკოსები გამოდიან, თითქოს არაფერი მომხდარა და ისევ მორალური პიედესტალიდან მთავრობას, ხელისუფლებას ასწავლიან ჭკუას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის და ეკა გიგაურის 2022 წელს გაკეთებულ განცხადებებს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ 2022 წელს საქართველო ომს გადაურჩა.