ლევან მახაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ შეაფასოს ეს პროცესი, თავი დაანებოს პოლიტიკურ ჟონგლიორობას

ლევან მახაშვილი

თუ ვინმეს აქვს იმისი სურვილი, რომ შეაფასოს ეს პროცესი, თავი დაანებოს ამ პოლიტიკურ ჟონგლიორობას და კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები [მოიყვანოს], - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ ევროკომისიის სპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას.

„ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც სრულად ეფუძნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას და წლების განმავლობაში კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ქვეყნის რყევის და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობას. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს იმისი სურვილი რომ შეაფასოს ეს პროცესი, თავი დაანებოს ამ პოლიტიკურ ჟონგლიორობას და კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები [მოიყვანოს]. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური მანიპულაცია და სხვათა შორის ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ სწორედ ეს პირები იყვნენ ის ჩინოსნები, რომლებიც თავიანთი განცხადებებით, დაფინანსებით, თუ სხვაგვარი მხარდაჭერით ახალისებდნენ იმ ძალადობას და იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების დამხობის წინა ხაზზე იყვნენ“, - განაცხადა მახაშვილმა.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა - „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი მოამზადეს, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ამასთან დაკავშირებით, ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა თქვა: „ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი ნაბიჯი, რომელიც აშორებს ქვეყანას დემოკრატიას და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“.