ლევან მახაშვილი: კრიტიკა თუ ვინმეს უნდა, შეუძლიათ, მაგრამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ძირის გამოთხრა პოლიტიკურ სტრატეგიად როდესაც იქცევა, ამას სიტყვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს

ლევან მახაშვილი

კანონმდებლობის არსებობა აუცილებელია, რათა ქვეყანა და მისი დემოკრატია დაცული იყოს მსგავსი არაკეთილსინდისიერი ჩარევებისგან საზღვარგარეთიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტების კანონიერებაზე თუ ვინმეს კითხვები აქვს, სასამართლოს უნდა მიმართოს.

„მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, 24 საათი, საკუთარ მოსახლეობაზე ფიქრის ნაცვლად იმაზე ზრუნავენ, რომ საქართველოში ფული როგორ შემოიტანონ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ასეთ ვითარებაში მსგავსი კანონმდებლობის არსებობა აუცილებელია, რათა ქვეყანა და მისი დემოკრატია დაცული იყოს მსგავსი არაკეთილსინდისიერი ჩარევებისგან საზღვარგარეთიდან.

თუ ვინმეს ამ კანონპროექტების კანონიერებაზე კითხვები აქვს, სასამართლოს მიმართონ და იდავონ. თუ ვინმეს ხელისუფლების კრიტიკა უნდა, რა თქმა უნდა, აქ კრიტიკის შეზღუდვაზე არ არის საუბარი, შეუძლიათ, აკრიტიკონ. თუმცა პოლიტიკურ სტრატეგიად როდესაც იქცევა სისტემატური გზით ხელისუფლების ლეგიტიმაციის ძირის გამოთხრა, რათა ქვეყანაში არასტაბილურობა იყოს, რა თქმა უნდა, ამას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა მახაშვილმა.