1773348202
ლევან მახაშვილი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების სია
ეს დოკუმენტი არის ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების და ზღაპრების სია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი მოიაზრებს იმას, რომ სახელმწიფომ სუვერენიტეტზე უარი თქვას, რაც არ მოხდება.
„როდესაც არცერთ სიტყვას არ ახსენებ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე, ეს კარგად მეტყველებს ამ დასკვნის „ობიექტურობაზე“. ამ დოკუმენტის სულისკვეთება მოიაზრებს იმას, რომ სახელმწიფომ ხელი აიღოს თავის ფუნქციებზე, სუვერენიტეტი უცხო ძალებს გადასცეს და მათ დაკრულზე იცეკვოს. ამის გაკეთებას სახელმწიფო რა თქმა უნდა არ აპირებს. დასანანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ღიად და კონსტრუქციულად მივუდექით ამ საკითხს, სანაცვლოდ მივიღეთ ტყუილებითა და ცრუ ინფორმაციებით სავსე დოკუმენტი“, - განაცხადა მახაშვილმა.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გააუქმოს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონები. ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) „გრანტების შესახებ“ კანონში, უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.










