ლევან მახაშვილი: დასანანია, რომ ჩვენი მიმართვის მიუხედავად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ანახლებს ინფორმაციას ვებგვერდზე, იმედს ვიტოვებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია

ლევან მახაშვილი

დასანანია, რომ ჩვენი მიმართვის მიუხედავად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ანახლებს ინფორმაციას თავის ვებგვერდზე, ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ გერმანიას გადაწყვეტილი აქვს საქართველოში რადიკალური პროცესების წახალისება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, რომ ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დროულად განახლდეს, რათა ყველანაირი ლეგიტიმური კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს შეიძლება, არსებობდეს, მოიხსნას.

მახაშვილს დაუსვეს კითხვა გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, გერმანიის საგარეო უწყების მონაცემები საქართველოსთან დაკავშირებით არ ახლდება, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული, თუმცა მონაცემები შეცვლილია სირიის შემთხვევაში.

„ჩვენ დავაკვირდებით და შევხედავთ, გერმანია რა გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომი კვირების თუ თვეების განმავლობაში. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ გერმანიის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღნიშნულის გათვალისწინებით შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ. გვინდა, გვჯეროდეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და რეალური მიზნები არის სხვა რაღაც. იმედი გვაქვს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით ნაკარნახევია და ეს არ უკავშირდება იმას, რომ გერმანიას გადაწყვეტილი აქვს საქართველოში რადიკალური პროცესების წახალისება. ეს საქართველოს მართვის ქვეშ არსებული ვებგვერდი არ არის. ეს გერმანიის ოფიციალური ვებგვერდია. ჩვენი ბერკეტია მათ ვუთხრათ და შევახსენოთ, რომ ეს ინფორმაცია გასაახლებელია და მივაწოდოთ განახლებული არსებული ინფორმაცია. დანარჩენი მთლიანად გერმანიის გადასაწყვეტია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და სხვა თემები არ არის რა საკითხებთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ლეგიტიმური კითხვები გვაქვს“, – განაცხადა მახაშვილმა.