ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებაზე: ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერია. ვეთანხმებით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად, აუცილებელია, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს გარე ჩარევისგან

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სენატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა და ერთ-ერთ მაგალითად საქართველო დაასახელა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ილაპარაკა.

„არგუმენტების მოშველიება როდესაც სჭირდებათ, ზუსტად იმ არგუმენტებზე ისაუბრეს, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის ერთი საუკუნეა, რა არგუმენტებზეც საუბრობდა დიდი ბრიტანეთი, როდესაც ამ კანონს იღებდა. ჩვენთვის აქ სიურპრიზი არაფერია. ჩვენ ვეთანხმებით ამ არგუმენტებში, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს გარე ჩარევისგან და ერთ-ერთ მაგალითად სწორედ საქართველოც მოიყვანეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია „იმ სიმართლეში, რასაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით“.

საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

✕