1752076138
ლევან მაჭავარიანი მსჯავრდადებულ პოლიტიკოსებზე: მათ დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, იცოდნენ, რა იყო სასჯელი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გააკეთეს, რომ მეტი სალაპარაკო მიეცათ გარე უფროსებისთვის, იგივე ამ რეზოლუციებისთვის

მათ დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, იცოდნენ, რა იყო სასჯელი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გააკეთეს იქიდან გამომდინარე, რომ მეტი სალაპარაკო მიეცათ გარე უფროსებისთვის, იგივე [ევროპარლამენტის] ამ რეზოლუციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი ოპოზიციურმა ლიდერებმა გარე უფროსების დავალებით გადადგეს.
„გარე უფროსებმა თავიანთი დავალების მიხედვით ჯერ პარლამენტს მიღმა დატოვეს რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები. შემდეგ ეს რადიკალური პარტიების ლიდერები თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესეც რა თქმა უნდა, გარე უფროსების დავალებით.
მათ დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, იცოდნენ, რა იყო სასჯელი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გააკეთეს იქიდან გამომდინარე, რომ მეტი სალაპარაკო მიეცათ გარე უფროსებისთვის, იგივე ამ რეზოლუციებისთვის, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური დევნა არის დაწყებული.
ბატონმა ყაველაშვილმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება - არავის რომ არ დაუტოვოს არანაირი სასპეკულაციო არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მან შესთავაზა ამ თავისი ფეხით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესულ ლიდერებს, რომ მიმართონ შეწყალებისთვის და თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, პრეზიდენტი გამოიყენებს დისკრეციით მინიჭებულ უფლებას და მათ შეიწყალებს, რომ ისინი სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო პროცესში, რომ არავის არანაირი სალაპარაკო არ ჰქონდეს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე".