ლევან მაჭავარიანი: ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა, საია-ს სხვა მიზნები ამოძრავებდეს, პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა

ლევან მაჭავარიანი

საია-ს შეუძლია, სასამართლოს ნებისმიერ რაღაცაზე მიმართოს. ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ, პოლიტიკური მიზნების გარდა, საია-ს სხვა მიზნები ამოძრავებდეს, საია-ც ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა.

„რაც შეეხება ზღაპრებს მოწამვლასთან და ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა. პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაც ძალაშია – ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორს შეუძლია, ჩამობრძანდეს და ყველა საგამოძიებო მასალას მივაწვდით, რათა თავიანთი დასკვნა დადონ. ამ შეთავაზებაზე გამოხმაურება დღემდე არ ყოფილა. ძალიან ეჭვი მეპარება, საია-ს, პოლიტიკური მიზნების გარდა, სხვა მიზნები ამოძრავებდეს. საია-ც ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს.

ამასთან, სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?“