ლევან მაჭავარიანი ანაკლიის ბანაკის მონაწილეებზე: ძალიან ბევრი სხვადასხვა შინაარსის კითხვა ჰქონდათ, სხვათა შორის, ყველაზე ნაკლები კითხვა იყო პოლიტიკასთან დაკავშირებით

ლევან მაჭავარიანი

ახალგაზრდებს ძალიან ბევრი სხვადასხვა შინაარსის კითხვა ჰქონდათ, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ლევან მაჭავარიანმა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, დიალოგი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

"სხვათა შორის, ყველაზე ნაკლები კითხვა ჰქონდათ პოლიტიკასთან დაკავშირებით. უფრო ცხოვრებისეული კითხვები, უფრო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით კითხვები, მსჯელობას ჰქონდა ადგილი. ძალიან ბევრი კითხვა ჩვენ თვითონ დავუსვით ახალგაზრდებს და იმდენად ამომწურავი და ლოგიკურად ჩამოყალიბებული პასუხები მივიღეთ, რომ ნამდვილად გაგვიკვირდა ასეთი ასაკის ბავშვებისგან ასეთი სწორი აზროვნება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს, ლევან მაჭავარიანთან ერთად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე და მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარე წელს, სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით, 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს.