"კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები არის საყოველთაო, ინფორმირებულობაზე საუბარი საერთოდ არ არის, საქართველოს მოქალაქე ვინც არის, ყველას აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა" - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

პარლამენტში ხვალიდან საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა გაგრძელდება. მმართველი გუნდის ინიციატივა კომიტეტებზე გადის. ახალი რედაქციის მიხედვით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი. თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნებიც, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. მათი წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის ან გაუქმების საფუძვლები კი იცვლება. პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი.

რაც შეეხება უპარტიო კანდიდატს, მას საინიციატივო ჯგუფი წარადგენს. მმართველი გუნდი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და გარე ჩარევის შეზღუდვაზე საუბრობს. აქცენტს აკეთებს ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობაზე. შეფასება კეთდება ოპოზიციაშიც.

"13 პროცენტზე მეტი ქართულ ეკონომიკაში უნდა ჰქონდეს წვლილი შეტანილი ამ ხალხს, თუმცა პოლიტიკაში არანაირი წვლილი არ უნდა ჰქონდეს, ეს ვისთვისაც სამართლიანია, არ ვიცი ამაზე საუბარი მორალურ-სამართლებრივი სტანდარტებით, როგორ შეიძლება გაგრძელდეს. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები არის საყოველთაო, ინფორმირებულობაზე საუბარი საერთოდ არ არის. საქართველოს მოქალაქე ვინც არის, ყველას აქვს უფლება, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა", - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.