კობა მურადაშვილი: მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90 პროცენტიდან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები - განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით

კობა მურადაშვილი

ეს ნდობა და ეს შესაძლებლობა მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი პოზიციიდან გავაკეთო უფრო მეტი სიკეთე, უფრო მეტად მოვემსახურო ჩემს ხალხს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა წალკის მუნიციპალიტეტში, კობა მურადაშვილმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, დმანისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური პროექტები. კობა მურადაშვილის თქმით, ის აპირებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები სრულად შეასრულოს, ხოლო, უპირველესი დაპირებაა ადგილობრივი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დატოვებასა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. 

"მეამაყება, რომ ჩემს მოსახლეობას, ჩემს დმანისელებს, უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის აბსოლუტურად ყველა თემიდან და სოფლების 90%-დან სრულიად უფასოდ ჩამობრძანდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები და ისევ უფასოდ დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში. 

განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით. შევძელით და ჩემს დმანისს, დმანისელებს უკვე მიეწოდება ახალი სასმელი წყალი, რომელიც ორმოწყარო-მაშავერას პროექტით არის. მოვახერხეთ ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალის პროექტის განხორციელება - ეს არის დმანისის ცენტრალური შემოსასვლელიდან ქალაქის ცენტრამდე მოსასვლელი მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია. 

მუშაობის პროცესში ისე გავიდა ოთხი წელი, რომ რაღაცების გაკეთება ვერ შევძელით და ვფიქრობ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ის, რა პირობაც გვაქვს მიცემული მოსახლეობისთვის, იქნება ჩვენი გუნდის ნომერი პირველი დაპირება, რომ ადგილობრივი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დარჩენის და მათი განვითარების მიზნით, განხორციელდეს ის პროექტი, რომელსაც ელოდებიან ჩვენი ახალგაზრდები. ეს არის რა თქმა უნდა, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და მათ ვაძლევ პირობას, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს პროექტი განხორციელდება." - განაცხადა კობა მურადაშვილმა.