1754511189
კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე

მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად დედაქალაქის მოქმედი მერი, კარგად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დამაკისრა. ემსახურო თბილისს, ნიშნავს ემსახურო ქალაქს, რომელიც ქართული კულტურის, მისი ისტორიის, რელიგიის ცენტრია. თბილისი ქართული იდენტობის სარკეა - აქ ყალიბდებოდა და ყალიბდება ის იდეები და ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ ვინ ვართ ჩვენ, ქართველები, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე.
„თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ. ამასთან ერთად, სწორედ ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, წინაღობა და გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს.
8 წლის წინ, როდესაც დედაქალაქის მართვაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ვემზადებოდი, ჩემს გუნდთან ერთად მქონდა არა მხოლოდ ამბიციური მიზნები თბილისის გარდასაქმნელად და ასაღორძინებლად, არამედ კვლევაზე დაფუძნებული კონკრეტული გეგმა და ხედვაც ამ მისიის შესასრულებლად. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ პრობლემები და გამოწვევები იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ველოდით. არ არსებობდა სატრანსპორტო თუ ურბანული დაგეგმვის დოკუმენტი. ქაოტური განვითარებით გამოწვეული პრობლემები უდიდეს საფრთხეს უქმნიდა თბილისს. უმძიმეს მდგომარეობაში იყო ქალაქის ინფრასტრუქტურა, აღსადგენი იყო პარკები და სკვერები, სპორტული მოედნები... აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პრობლემას, რომელიც 8 წლის წინანდელ სინამდვილეს ასახავდა.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, ეს იყო საუბარი მოსახლეობასთან, ყოველდღიური შეხვედრები თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში მცხოვრებ ადამიანებთან, მათი პრობლემების გაცნობა.
ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით თბილისის საკრებულოს მაჟორიტარებს. სწორედ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის პრობლემა მოაქვთ ჩვენამდე და ერთად ვიწყებთ ზომების მიღებას მათ გადასაჭრელად.
საკრებულოს მაჟორიტარები იქცნენ გულშემატკივრებად, მეგობრებად, ახლობლებად თბილისელებისთვის. ხშირად მომისმენია, მაგალითად, იგივე რევაზ სოხაძის შემთხვევაში, როგორ ხუმრობდნენ ვარკეთილელები თავიანთ მაჟორიტარზე, სახლში ნათურის შესაცვლელადაც კი რეზის ვურეკავთო.
მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ძალისხმევისთვის, რაც მათ გასული წლების განმავლობაში გასწიეს. მათი დამსახურებაა,
რომ დღეს თბილისის მაჯაზე გვიდევს ხელი და ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქალაქს და თანაქალაქელებს. დიდია მათი წვლილი იმაში, რომ გვაქვს მოსახლეობის ძალიან დიდი ნდობა და მხარდაჭერა, რაც გვაძლევს სტიმულს, მეტი გავაკეთოთ თითოეული უბნისთვის და თბილისის ღირსეული მომავლისთვის.
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! - ეს ნიშნავს უფრო მეტ რეკრეაციულ სივრცეს თბილისში, მეტად განახლებულ უბნებს რეაბილიტირებული ქუჩებით, სკვერებით და პარკებით, მეტ ახალ საბავშვო ბაღს, მეტ ინფრასტრუქტურას, მეტად ხელმისაწვდომ სერვისებს,
თბილისელების კეთილდღეობისთვის ბევრად მეტ პროგრამას ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის თუ სხვა მიმართულებით. ამ ყველაფერს კი სჭირდება თბილისის გულშემატკივარი პროფესიონალების ძლიერი გუნდი ქალაქის საკრებულოში.
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები, რომელთა დიდ ნაწილს უკვე კარგად იცნობთ, ნაწილი კი ახალი სახეებია.
1.მთაწმინდის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ბატონი ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე. ზურა მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო სამსახურში და პოლიტიკურ საქმიანობაში. აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, არის პრინციპული, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი. მისი სახით, მთაწმინდის რაიონს ეყოლება პროფესიონალი, გამოცდილი მაჟორიტარი. ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ ფაქტს, რომ ზურა არის მრავალშვილიანი მამა, ხუთ შვილს უზრდის სამშობლოს.
ვაკის რაიონში ორი კანდიდატი გვყავს:
2. ალექსანდრე ასათიანი (ცენტრალური ვაკე) - არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, წლებია, წარმატებით საქმიანობს კერძო სექტორში. იგი არის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი. ვფიქრობ, სანდროს გამოცდილება და შემართება ძალიან წაადგება თბილისს და ვაკის რაიონს.
3. ბექა გელენავა (საბურთალოს მხარე) - ფინანსისტი, მარკეტოლოგი, აქვს საბანკო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. არის წარმატებული, პროფესიონალი კადრი, რომელიც მზად არის ჩაერთოს თბილისის განვითარებაში, იზრუნოს ვაკის რაიონის მოსახლეობის საჭიროებებზე, იყოს მათი ხმა საკრებულოში.
საბურთალოს რაიონში საკრებულოს წევრობის 3 კანდიდატი გვყავს:
4. ბექა მიქაუტაძე (ვეძისი, ვაჟა ფშაველა, ყაზბეგი, გოთუა) - გარდა იმისა, რომ ბექა თავადაც ძირძველი საბურთალოელია, იგი 4 წელი იყო საბურთალოს რაიონის გამგებელი და საფუძვლიანად იცის ყველა საკითხი, რაც საბურთალოს რაიონს უკავშირდება. ბექას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის უდიდესი გამოცდილება. იყო გლდანის გამგებელი, ამჟამად არის კრწანისის რაიონის გამგებელი. ბექა ყოველთვის იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას. ის აფხაზეთის ომის ვეტერანია და დღეს იბრძვის მშვიდობისთვის და მეტი სიკეთისთვის.
5. არჩილ ნიჟარაძე (კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი) - კიდევ ერთი ახალი სახე იქნება საკრებულოში. მას აქვს საბანკო და კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. არჩილის სახით, საქმიანი, მოტივირებული, მოქალაქეების ინტერესების გამტარებელი ადამიანი ეყოლება დოლიძე-ხილიანის ოლქში საბურთალოს მოსახლეობას.
6. შალვა პერანიძე - (დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომი) საბურთალოელები მას კარგად იცნობენ, რადგან წლებია ხელმძღვანელობს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობას და უშუალო კავშირი აქვს მოსახლეობასთან, იცნობს მათ საჭიროებებს. შალვას აქვს სურვილი დიდი დიღმის დასახლებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები შემოიტანოს საკრებულოში და ჩაერთოს მათ განხორციელებაში.
7. კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ლევან ჯაფარიძე, კრწანისზე და კრწანისელებზე უზომოდ შეყვარებული კაცი, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს იყო მაჟორიტარი. ლევანი ყოველთვის მზად არის, მოუსმინოს მოსახლეობას, გაატაროს მათი ინეტერესები საკრებულოსა და მერიაში. ლევან ჯაფარიძემ კრწანისელებს ასევე კარგად დაამახსოვრა თავი, როგორც რაიონის გამგებელმა. წარმატებებს ვუსურვებ მას!
ისნის რაიონში საკრებულოს წევრობის სამი მაჟორიტარი კანდიდატი გვეყოლება:
8. კახაბერ ლაბუჩიძე - (ავლაბარის ოლქი) ვფიქრობ, მას ისანში წარდგენა არ სჭირდება, რადგან ყველა კარგად იცნობს, როგორც ყოფილ გამგებელს და მოქმედ მაჟორიტარს. კახას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის დიდი გამოცდილება, იცის ისნის რაიონის თითოეული კორპუსის საჭიროება. ამჟამად კახა არის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, სადაც მისი ინიციატივით თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი გადაიჭრა. წარმატებები კახას!
9. ბექა მენთეშაშვილი - (ვაზისუბნის ოლქი) ჩვენი პოლიტიკური გუნდის ახალგაზრდა წევრი, “ქართული ოცნების” თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბექა ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომელია და სრულად არის ჩართული ყველა პროცესში, რომელიც ამ რაიონის განვითარებას უკავშირდება. ბექას სახით, ვაზისუბნის მოსახლეობას ეყოლება ნამდვილი გულშემატკივარი და მხარდამჭერი. წარმატებები მას!
10. დავით ხაბეიშვილი - (ნავთლუღის ოლქი) ისნის რაიონის გამგებელი, ისნელების დიდი გულშემატკივარი და მეგობარი. დავითი არის პროფესიონალი კადრი, მას გააჩნია ამბიცია, ჩაერთოს საკრებულოს საქმიანობაში და ბევრი სასიკეთო ცვლილება მოუტანოს თბილისს. დარწმუნებული ვარ, მას ექნება მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა.
გაგაცნობთ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს:
11. გიორგი დოხტურიშვილი - (მასივის ოლქი) სამგორელებისთვის კარგად ნაცნობი ყოფილი მაჟორიტარი, ადამიანი, რომელიც მუდამ ხაზზე იყო მოსახლეობასთან და არაერთი საკითხის გადაჭრაში მიუძღვის წვლილი. გიორგის აქვს თბილისის საკრებულოსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ის იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მანამდე კი საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე. დარწმუნებული ვარ, სამგორელები კვლავ გამოუცხადებთ ნდობას გიორგის.
12. ზაქარია წიკლაური - (ქვემო სამგორის ოლქი) სამგორელებისთვის ასევე კარგად ნაცნობი ადამიანი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს სამგორში. ზაქრო კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად. აქვს სამუშაო გამოცდილება თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში. მინდა მას წარმატებები ვუსურვო!
13. ვაჟა კოკაია - (ვარკეთილის ოლქი) ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, “ქართული ოცნების” სამგორის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ადგილობრივი ახალგაზრდების მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ვაჟა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, არაერთ ახალგაზრდულ ფორუმსა და ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ახალგაზრდული ენერგია და შემართება სჭირდება სამგორს. წარმატებებს ვუსურვებ მას!
14. მამუკა ხაბარელი - (ლილო-ორხევის ოლქი) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იქნება ლილოს დასახლების ინეტერესების დამცველი საკრებულოში. მამუკა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური დელეგაციის მისიის ხელმძღვანელი იყო არაერთ ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველოს სახელი და ღირსება მისთვის უპირველესია და ქვეყნის ინტერესებს დაიცავს ის საკრებულოშიც.
15. ჩუღურეთის რაიონში საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარვადგენთ ზურაბ ჩიკვილაძეს - აფხაზეთის ომის ვეტერანი, დიპლომატი, ადამიანი, რომელიც წლებია თავდაუზოგავად ემსახურება ქვეყანას და თბილისს. მას კარგად იცნობს ყველა ჩუღურეთელი, 7 წლის მანძილზე იყო ჩუღურეთის რაიონის გამგებელი.
ამჟამად, ზურა არის თბილისის საკრებულოს წევრი, სადაც ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას. ზურას გამოცდილება, მისი პროფესიონალიზმი გვაძლევს სრულ გარანტიას იმისა, რომ ჩუღურეთს ეყოლება ღირსეული მაჟორიტარი საკრებულოში.
დიდუბის რაიონში მაჟორიტარობის 2 კანდიდატი გვყავს:
16. გივი ჩხარტიშვილი- (დიდუბის ოლქი) ასევე კარგად ნაცნობი სახე დიდუბელებისთვის, რომელიც არაერთი წელია ამ რაიონის პრობლემებით, სიახლეებით და სამომავლო გეგმებით ცხოვრობს. ბოლო 4 წელია, გივი საკრებულოში დიდუბის რაიონის მაჟორიტარია, მანამდე კი ამავე რაიონის გამგეობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას. მინდა, წარმატებები ვუსურვო
17. შოთა ქევხიშვილი - (დიღმის ოლქი) ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი. იგი წლებია ჩართულია მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული და სპორტული ცენტრების განვითარების პროცესში, ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ვფიქრობ, მისი ჩართულობა თბილისის საკრებულოს მუშაობაში იქნება წარმატებული და სარგებლის მომტანი პირველ რიგში დიდუბელებისთვის.
ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა საარჩევნო ოლქში გვეყოლება მაჟორიტარობის 4 კანდიდატი:
18. ირაკლი ბენდელიანი - (ზღვის უბნის ოლქი) კვალიფიციური ფინანსისტი, ეკონომისტი. მას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება. არის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. ის დაიცავს თემქის დასახლებაში მცხოვრებთა ინტერესებს საკრებულოში. წარმატებები მინდა ვუსურვო ირაკლის!
19. შალვა მაისურაძე - (ნაძალადევის ოლქი) აქვს თბილისის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში მუშაობის კარგი გამოცდილება. ის არის თბილისის მერიის “მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი. შალვა პარალიმპიური კომიტეტის თანადამფუძნებელია, დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარასპორტის განვითარებაში. შალვა არის ოთხი შვილის მამა და კარგი ქართველი. წარმატებებს ვუსურვებ მას!
20. დავით ჭელიძე - (ძველი ნაძალადევი - ლოტკინის ოლქი) ნაძალადევის მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი, ყოფილი მაჟორიტარი საკრებულოში. მას აქვს ასევე მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფო უწყებებში მუშაობის კარგი გამოცდილება. დავითის სახით, ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებლებს ეყოლებათ გულითადი მხარდამჭერი საკრებულოში.
21. ვალერიან პაპუაშვილი - (სანზონის ოლქი) წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში, ამჟამად არის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სანზონის საუბნო განყოფილების უფროსი. სწორედ ის იქნება სანზონელების ხმა საკრებულოში, მათი ინტერესების დამცველი და გამტარებელი. წარმატებებს ვუსურვებ ვალერიანს!
გლდანის რაიონის მოსახლეობას წარვუდგენთ მაჟორიტარობის 4 კანდიდატს:
22. დავიწყებ ბატონი შალვა ოგბაიძით (ავჭალის ოლქი), რომელიც გლდანელებისთვის, განსაკუთრებით კი ავჭალის დასახლებაში მცხოვრებთათვის კარგად ნაცნობი პიროვნებაა. ჩემთან ყოველი მისი შეხვედრა იწყება და მთავრდება სწორედ ამ დასახლების პრობლემების განხილვით და გადაჭრის გზების ძიებით. შალვა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. წარმატებები მინდა ვუსურვო მას!
23. ცოტნე ჩიქვინიძე - (მუხიანის ოლქი) იურისტი, იურიდიული მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, მას ასევე აქვს საგადასახადო საქმისწარმოების დიდი გამოცდილება. არის საქმის ერთგული, პრინციპული ადამიანი. მისი სახით, მუხიანის დასახლებას ეყოლება მათ გვერდით მდგომი, კვალიფიციური მაჟორიტარი.
24. მიხეილ რეხვიაშვილი - (ლუწი მიკრორაიონის ოლქი) თბილისის საკრებულოში მუშაობის ფართო გამოცდილებით. მიხეილი პროფესიით იურისტია, ამჟამად ხელმძღვანელობს საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აპარატს. მიხეილი გამოცდილი, კვალიფიციური კადრია, რომლის საქმიანობაც მნიშვნელოვნად წაადგება თბილისის საკრებულოს და რაც მთავარია, გლდანელებს.
25. ჯაბა კოღუა - (კენტი მიკრორაიონის ოლქი) მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში. წინა წლებში იგი ხელმძღვანელობდა პარლამენტში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, შესაბამისად, შეხება ჰქონდა მოქალაქეებთან, გლდანის მოსახლეობასთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გლდანისთვის მნიშვნელოვანია. წარმატებას ვუსურვებ ჯაბას. დარწმუნებული ვარ, მას ექნება მოსახლეობის მხარდაჭერა.
ჩემო თბილისელებო, აი ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის მომავალზე!
ეს ადამიანები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საკრებულოსა და მერიაში; აქტიურად ჩაერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში თქვენი კეთილდღეობისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად; იქნებიან ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის.
მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! - ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის საქმით დამტკიცებული რეალობა, რომელსაც შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდება.
ჩვენ მზად ვართ გავამართლოთ თქვენი ნდობა და მეტი სიკეთე შევძინოთ თბილისს!
გვჯერა თქვენი მხარდაჭერის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, რადგან გვჭირდება გამარჯვებული თბილისი და გამარჯვებული საქართველო!
ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.