კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის პროექტზე: ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.

კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან Trump TowerTbilisi -ის 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას, მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებით დაინტერესებულ ყველა კომპანიას.

„ზოგადად, ინვესტიციების თვალსაზრისით, ქვეყანა რომ საინტერესოა, ამაზე არაერთი გამოცემა წერს და ამაზე მეტყველებს არსებული ინტერესი, ინვესტიციები, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა - ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.
რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები, მშვიდობას მოაქვს ამ ტიპის პროექტების განხორციელება.
მადლობა ყველა იმ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია ამ პროექტის განხორციელებით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციების, გადასახადების თვალსაზრისით და ყველა სხვა კომპონენტში არის საინტერესო ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება, თავისი პოლიტიკით, ყველაფერს გააკეთებს ბიზნესის ხელშესაწყობად.

„ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ, ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს, ეკონომიკური წინსვლა გვქონდეს და მოსახლეობამ იგრძნოს კეთილდღეობა”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ პროექტის დეტალებზე განმარტებები მას შემდეგ გაკეთდება, რაც შესაბამისი წინადადება იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, პროექტში The Sapir Organization-ის მონაწილეობას, რომლის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ქართული წარმომავლობის ალექს საპირია, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ ეს ოჯახი საქართველოში ინვესტიციებით შემოდის.

„ზოგადად ძალიან მიხარია. ამასთან დაკავშირებით, გუშინ ვკითხულობდი, რომ ქართული წარმოშობის ებრაელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ფესვები საქართველოში აქვს, დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით. მან ძალიან თბილად ისაუბრა საქართველოს შესახებ. მიხარია, რომ ეს ოჯახი ინვესტიციების თვალსაზრისით შემოდის საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.