1769284719
კახა კალაძე: საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს, არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველო აბუჩად მოიხსენიოს
დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველო აბუჩად მოიხსენიოს, ზემოდან უყუროს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რას ნიშნავს ევრობიუროკრატების დუმილი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მათი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ კრიტიკული იყო.
„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, სხვა არაფერი. საქართველო პატარა ქვეყანა ნახეს. ეს ჩვენი ბრალიც არის, რადგან მთელი ბოლო წლების განმავლობაში, თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ჩვენი მხრიდან დაშვებული იყო შეცდომები, რომ ამ ადამიანებს ყველაფრის უფლება მივეცით. გაიხსენეთ წლები, როდესაც ისინი თუნდაც რაიმე განცხადებას გააკეთებდნენ, ეს იყო „სრული ჭეშმარიტება“, არავინ შედიოდა შინაარსში, არავინ ახორციელებდა პოლემიკას ამა თუ იმ საკითხზე. უცხოელმა რადგან თქვა, ეს იყო „სრული ჭეშმარიტება“. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი, რაც იყო ჩვენი პრობლემა, ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები. დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. შესაბამისად, არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველო აბუჩად მოიხსენიოს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჰქონდეს ზემოდან ყურების დამოკიდებულება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და კეთილი ინებოს ყველამ, პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. რაც შეეხება იმას, რაც ხდება ამერიკაში, ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს. ყველას აქვს პრობლემები, უპრობლემო ქვეყანა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და მივხედოთ ქართველ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.










