„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისება გარედან, ჩვენთვის სიახლე არ არის – ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან შეურაცხმყოფელი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველო დელეგაციის არმონაწილეობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი პლატფორმა ქვეყნის ხელისფლებისთვის არის საქართველო, ქართველი ხალხი და მათი მხარდაჭერა.
„პლატფორმას რაც შეეხება ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ხალხის გადაწყვეტილება და მხარდაჭერა. ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, არაფერი არ არის. როდესაც წარმოადგენ ქვეყნის ხელისუფლებას, თუ არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, წარმოუდგენელია, რაიმეზე ისაუბრო, თუნდაც მშვიდობის შენარჩუნებაზე, ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე.
რაც შეეხება ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისებას, ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. გარე ძალები ქვეყანაში, კონკრეტული დიპლომატებისა და იმ რამდენიმე აკაცუკის ჩართულობით, პირდაპირ ახალისებენ პოლარიზაციას, ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან შეურაცხმყოფელი. თუმცა, ხალხი ყველაფერს ხედავს და არჩევნების გზით ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო.