კახა კალაძე: ევროპელი ბიუროკრატები აგრძელებენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მუქარას და შანტაჟს იმის გამო, რომ ჰარაკირი არ გავიკეთეთ

კახა კალაძე

რაც უფრო შორს იქნებიან ამ ტიპის ბიუროკრატები, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს ადამიანები აგრძელებენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მუქარას და  შანტაჟს იმის გამო, რომ ჩვენ ხარაკირი არ გავიკეთეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ჩეხეთის მთავრობის მიერ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხს.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულება აქვს აღებული პირველ რიგში ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესები დასაცავად.

„ქვეყანა არ დაემორჩილა მათ შანტაჟს, მუქარებს, შეურაცხყოფებს, მათ მოთხოვნებს, რომ ჩავრთულიყავით ომში, გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს, რაც დამღუპველი იქნებოდა ეკონომიკურად და კატასტროფის მომტანი იქნებოდა  ჩვენი ქვეყნისთვის. სისულელეებს არ გავაკეთებთ, საკუთარ ქვეყანას, ხალხს და  საკუთარ თავს არ დავიზიანებთ.

ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქართველი ხალხის წინაშე, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს და გაითავისოს.  ქართველი ხალხის წინაშე გვაქვს ვალდებულება აღებული და არა ვიღაცების წინაშე გარედან, როგორც მათ აქვთ სურვილი. ქართველი ხალხი არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ, პირველ რიგში, ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესები დავიცვათ. ეს ადამიანები  აგრძელებენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მუქარას, შანტაჟს და რის გამო? იმის გამო, რომ ჩვენ ჰარაკირი არ გავიკეთეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ  ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო რეჟიმის შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.