კახა კალაძე: ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და ჰქონდათ მცდელობები, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება

კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკომისიის მიერ გადაცემული თანხების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ის, რაც ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, წახალისებული და დაფინანსებული იყო გარედან – ევროკავშირის ქვეყნებიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან; ამ ყველაფერში ასევე ჩართული იყო ამერიკული ორგანიზაციები. მთავარი მიზანი და მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა. ამას ისინი ცდილობდნენ სხვადასხვა გზით და ამ ყველაფრის გამტარები იყვნენ ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მთლიანად დაცლილები არიან იმ ყველაფრისგან, რასაც ზოგადად არასამთავრობოს სტატუსი და შინაარსი გულისხმობს. ისინი ჩვეულებრივ ჩართულები არიან პოლიტიკურ პროცესებში, რევოლუციურ სცენარში იყვნენ ჩართული და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა კახა კალაძემ.