1779396803
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე: მინდა შევაქო მინისტრი სარჯველაძე მისი მუშაობისა და შეუპოვრობისთვის, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის. ეს გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს პროდუქტიული თანამშრომლობა
მინდა შევაქო მინისტრი სარჯველაძე მისი მუშაობისა და შეუპოვრობისთვის, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის. ეს გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს პროდუქტიული თანამშრომლობა, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ.
მხარეებმა საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, იშვიათი დაავადებების მედიკამენტების საკითხსა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებს.
ჰანს კლუგემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებას და სისტემის მდგრად განვითარებას.
შეხვედრაზე აღინიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობის მნიშვნელობა და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.












