იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება

პაატა სალია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია კორეის რესპუბლიკაში ციფრული ინოვაციებისა და საჯარო მმართველობის სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ შეხვედრებს მართავს.

„გვექნება ორმხრივი შეხვედრა კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან.  ამ შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას. ეს იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება ინოვაციების, გამოცდილების, ცოდნის გაზიარება და ეს ცენტრი განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია პაატა სალიას ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ცირეკიძე.  ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა.