იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილისთვის შესაძლებლობის შექმნა, რომლის თანახმად, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მათზე გაიცემა სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო.

კანონპროექტის თანახმად, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს - ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

კანონპროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს, ნაცვლად - არსებული 10%-ისა (გარდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებისა, სადაც შეზღუდვა კვლავ 10%-ით განისაზღვრება).

ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, ცვლილება დაკავშირებულია 2024 წელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან, რომლითაც საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რომლებიც მანამდე საჯარო მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად განისაზღვრნენ.

„შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პროცენტულმა რაოდენობამ მოიმატა და საშტატო რიცხოვნობის 15%-მდე გაზრდა კანონმდებლობას არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანს“, - აღნიშნა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.