იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას ეხება

კომიტეტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

ცვლილებით კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უფლება ექნება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან გამოითხოვოს გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, აგრეთვე გამოთხოვილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და ბაზებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.