იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი განიხილა, რომელიც რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევი პირების საქართველოდან გასვლის აკრძალვას უკავშირდება

თორნიკე ჭეიშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილი განაცხადა, ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, თუ ამისთვის უკვე არსებობს სამი წინაპირობა.

„პირველი პირობის თანახმად, მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ „სისხლის სამართლის კოდექსის“ კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. საუბარია ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიც არის: თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება თუ განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ა.შ. მეორე პირობის თანახმად, მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი. კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ დაზარალებული, თავის მხრივ, წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებს აცნობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე, შესაბამისი ცნობა გაიგზავნება დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის, საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესრულებას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოდან გასვლის აკრძალვისგან გათავისუფლების საფუძველი იქნება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა ან როდესაც დაზარალებული თავად უარს განაცხადებს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ორგანული კანონის პროექტის მიზანია საქართველოდან გასვლის აკრძალვის მარეგულირებელი ნორმების კიდევ უფრო მეტად დახვეწა, რათა ეს მექანიზმი დაზარალებულთა კომპენსაციის მიზნით უფრო მოქნილად და ეფექტიანად გამოიყენებოდეს.