ირკვევა, რომ ეუთო/ოდირის მისიამ, რომელმაც საქართველოში, 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაზე უარი დროის სიმცირის გამო განაცხადა, ჩეხეთში მიემგზავრება - მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ

ეუთო/ოდირი

სკანდალი ეუთო/ოდირის გარშემო - ირკვევა, რომ მისიამ, რომელმაც საქართველოში, 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაზე უარი დროის სიმცირის გამო განაცხადა, ჩეხეთში მიემგზავრება. ოფიციალურმა პრაღამ ეუთო/ოდირს მიწვევა ორ სექტემბერს გაუგზავნა, არჩევნები კი ჩეხეთში სამ ოქტომბერს იმართება.

მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და სვამენ კითხვას, რა პრინციპით მიიღო გადაწყვეტილება ეუთო/ოდირმა, რომელიც დროის ფაქტობრივად იგივე მონაკვეთში, ჩეხეთში გამგზავრებას და არჩევნებისთვის მომზადებას ასწრებს, საქართველოში ჩამოსვლაზე უარის მიზეზად კი სწორედ ვადებს ასახელებს.

დღეს, თბილისში 2007 წლის მოვლენებიც გაიხსენეს, როდესაც სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, მისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება და ქვეყანაში ჩამოსვლა ზუსტად ერთ თვეში მოახერხა.

"ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი, ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს საქართველოს მიმართებაში ეს ორმაგი სტანდარტები. თუ იმის რესურსი არსებობს, რომ სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილი იქნას ჩეხეთში, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში და იგივე ვადაში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და დაჰკვირვებოდა საქართველოში საარჩევნო პროცესს. ასევე მეორე არგუმენტი - როდესაც 2007 წელს, სააკაშვილი გადადგა პრეზიდენტობიდან და დაინიშნა ხელახალი არჩევნები, ზუსტად მაშინაც, ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ეუთო/ოდირმა გამოაგზავნა სადამკვირვებლო მისია საქართველოში. რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? - იმისათვის, რომ "გაეპრავებინათ" სააკაშვილის გაყალბებული არჩევნები. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს იმას, რომ ეუთო/ოდირს ძალიან სერიოზული ზეწოლა აქვს ევრობიუროკრატების მხრიდან და არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით,"- აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.

თბილისმა ეუთო/ოდირს მოწვევა წინა შაბათს გაუგზავნა. გამოითქვა იმედი, რომ წინა არჩევნებზე გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ, გარე თუ შიდა ძალების მიერ ზეწოლის გამო, ეუთო/ოდირი საქართველოში ჩამოსვლაზე უარს არ იტყოდა. თუმცა ეუთო/ ოდირმა თბილისს უარით უპასუხა.