1757364257
ირაკლი ზარქუა - მოლოდინი გვაქვს, რომ გახარიას მიმდევრები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შემობრძანდებიან, მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ

გახარიას პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ამის შემდეგ მოლოდინი გვაქვს, რომ გახარიას მიმდევრები პარლამენტში შემობრძანდებიან. შემდეგ ბოიკოტს დაარქმევენ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ.
„ბოიკოტში რომ ხარ, ხელფასი მაინც გერიცხება. მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ – როცა დასჭირდებათ შემოვლენ, როცა გაბრაზებული იქნებიან, გარეთ დადგებიან. ეს იწილო-ბიწილო ნაცნობია. ამას ურჩევნიათ, კაცურად თქვან, რომ ვერ მოვახდინეთ რევოლუცია, ვერ ამოვატრიალეთ ქვეყანა, უსამშობლოებთან ერთად მმართველ პარტიას და ქართველ ხალხს ვერაფერი ვუქენით და მოდით, დავნებდეთ, პარლამენტში შევიდეთო. ეს უფრო ადამიანური და ლოგიკური იქნება. ახლა ერთი ნაწილი რევოლუციას გვიწყობს, მეორე – არჩევნებში მონაწილეობს. ამ იწილო-ბიწილოში თვითონ არიან შესული, ჩვენ არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ზარქუამ.
არსებული ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის რვა წევრი პარლამენტში შედის, თავად პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.