ირაკლი ზარქუა: ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ისტორიულიც, რადგან ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა

ირაკლი ზარქუა

ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ისტორიულიც, იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან აღნიშნა, რომ ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ უკუშედეგი გამოიღო, ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს არა მკაცრ, არამედ სამართლიან მიდგომასთან.

მან ცვლილების მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა.

„თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის წინ 300 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები იყო ამოღებული და ფაქტობრივად, ერთ-ერთ სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. ბუნებრივია, ამას უკავშირდებოდა ის გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, რომ ნარკორეალიზატორებს არანაირი შეღავათი არ ექნებათ.

ინიციატივა, რომელიც პრემიერმა დღეს დაასახელა, გულისხმობს, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის კერძო სუბიექტების მიერ განხორციელება აიკრძალება და ამას თავიდან ბოლომდე სახელმწიფო განახორციელებს.

და მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა ეს იყო, რომ ფსიქოტროპულ პრეპარატებს მხოლოდ სახელმწიფო შეისყიდის და იმპორტს განახორციელებს.

ამით ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ბიზნესი არამომგებიანი იყოს, როგორც ეს აქამდე იყო. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გარკვეული კერძო კლინიკები და სუბიექტები, ვინც იყვნენ ჩართულნი ამ ჯაჭვში, მოგების მიღების მიზნით წამახალისებელ ფუნქციასაც კი აძლევდნენ ამ პროგრამებს. ყოველგვარი გაუგებრობები რომ ავიცილოთ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო იღებს ხელში ამ ინიციატივებს თავიდან ბოლომდე”, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მჭიდროდ დასახლებული პუნქტებიდან გავა.

„ეს ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით რეგიონებში, დიდ პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის.

ჩვენ ამ ყველაფრით ვცდილობთ, პრევენცია განვახორციელოთ იმისთვის, რომ შევამციროთ ნარკოტიკების მოძრაობა ქვეყანაში, მათ შორის კლუბური ნარკოტიკის და ასე შემდეგ. მეორე - მნიშვნელოვანი პრევენცია იქნება იმისთვის, რომ რეალურად დახმარება ვისაც სჭირდება, მათთვის ეს პროგრამები მიზანზე იყოს ორიენტირებული და არა რაღაც გაუგებარი, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ვარდებიან პროგრამაში ჩართული ადამიანები”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ ნარკორეალიზატორებს გასაქანიც კი მისცა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელი, რომელიც არის მსხვერპლი ამ უბედურების, მაქსიმალურად დავიცვათ. სამწუხაროდ, ლიბერალურმა მიდგომამ მათ შორის ნარკორეალიზატორებს გარკვეული გასაქანი მისცა”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ".

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.