ირაკლი ქადაგიშვილი: ტრამპის შემოლაწუნების შემდეგ ევროპელი ლიდერები აღიარებენ, რომ გადატვირთვა სჭირდებათ, ამ გამოფხიზლების პროცესით მოგებული დარჩება როგორც ევროპა, ისე საქართველოც

ირაკლი ქადაგიშვილი

ვამბობდით, ქმედებები, რომელსაც ევროპა თუ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები ახორციელებდნენ, კონტრპროდუქტიულია გაფართოების პოლიტიკისთვის და თვითონ ევროპისთვისაც, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ვექტორის ცვლილება სარგებელს მოუტანს როგორც თავად ევროპას, ისე საქართველოსაც.

„ვამბობდით, ქმედებები, რომელსაც ევროპა თუ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები ახორციელებდნენ, კონტრპროდუქტიულია გაფართოების პოლიტიკისთვის და თვითონ ევროპისთვისაც. ეს ფაქტია და ამას არა მარტო ტრამპი, ტრამპის შემოლაწუნების შემდეგ თვითონ ევროპული ლიდერებიც აღიარებენ. აღიარებენ, რომ ევროპას ძირფესვიანი გადატვირთვა ყველა მიმართულებით სჭირდება. მათ ახლა ძალიან მწვავედ აქვთ აღქმული ევროპის სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩართულობა. ამბობენ, რომ ეს არავის საქმე არ არის და გრენლანდიამ უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი. ეს სწორია. თუმცა, საქართველოსთან მიმართებით მათთვის ეს პრინციპი არ მუშაობდა და ჯერჯერობით კვლავ არ მუშაობს. ეს მწარე გამოფხიზლების პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, იმედია, ვითარებას მართლაც გამოაფხიზლებს, ევროპა მართლაც მოძებნის საკუთარ თავში ძალებს, რომ არასწორი განვითარების ვექტორი შეცვალოს. ამით მოგებული დარჩება ევროპა და საქართველოც, როდესაც არამართლზომიერი ჩარევები, შანტაჟი და ზეწოლა ამ ქვეყნის მიმართ მოიხსნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე მიყვარს ევროპა და მსურს, აყვავდეს, მაგრამ ის არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.