ირაკლი ქადაგიშვილი: როცა საუბარია საქართველოზე, ამ ქვეყნის შეფასებაზე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის ერი უდიდესი ტრადიციით, რომელიც დამყარებულია ქრისტიანობაზე, აწმყოსა და მომავალზე

ირაკლი ქადაგიშვილი

პირველ რიგში, ქართველი ერის მხრიდან ვიხილეთ დიდი სიყვარულის გამოხატვა. ამ დღეებმა აჩვენა, რომ ქართველი არის ქრისტიანი, ქართველი ერი კი არის ერი და არა უბრალოდ სოციუმის ნაკრები. ეს არის ის, რაც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ყველამ დაინახა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, როცა საუბარია საქართველოზე, ამ ქვეყნის შეფასებასა და ურთიერთობაზე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის ერი თავისი უდიდესი ტრადიციით, რომელიც დამყარებულია ქრისტიანობაზე, აწმყოსა და მომავალზე.

„რეალური, ჭეშმარიტი პროგრესი სწორედ ქრისტიანობაშია. პოლიტიკურ ბრძოლას, სხვადასხვა აზრს და კონკურენციას არაფერი გააუქმებს, მაგრამ ამ დღეებმა გვანახა ის ძირითადი ჩარჩო, სადაც უნდა მიმდინარეობდეს საქართველოს აწმყოსა და მომავალზე ფიქრი. ანუ, ჩანდა, რა უნდა ქართველ ერს. ვიღაცას ჰგონია, რომ საქართველოს ევროპა უნდა და თან ყველაფრის ფასად – საქართველოს ევროპა უნდა იმის ფასად, რა ფასეულობაზეც ევროპა შეიქმნა. საქართველოს ცივილიზაცია უნდა სწორედ იმ ფასად, რა ცივილიზაციური აზრიც იესო ქრისტემ კაცობრიობაში შემოიტანა. ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს და დაინახოს. ქართველმა ხალხმა, პირველ რიგში, თქვა, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ამ ქართველობით გვინდა აწმყოც და ჩვენი მომავალიც. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჰუმანიზმი წარმოიშვა არაქრისტიანობის ნიადაგზე, ძალიან ცდება. ეს ფასეულობები როგორც ქართველშია კოდიფიცირებული, ასეა ევროპელი ხალხებისთვისაც. ეს ფასეულობა საბოლოო ჯამში თავის სიტყვას იტყვის. ასეთი გამორჩეული, ბუმბერაზი ადამიანი როცა მიდის, ყოველთვის რჩება გარკვეული სიცარიელე და კითხვა, მის გარეშე როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ქრისტიანობა კერპთაყვანისმცემლობა არ არის, პატრიარქი ყოველთვის ამას ამბობდა. ამბობდა, რომ რასაც აკეთებდა, უფლის ძალით აკეთებდა. ამიტომ, სასოწარკვეთა ცუდი რამეა. ჩვენ მისი მემკვიდრეობა კარგად უნდა დავინახოთ და ერმა პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ ცხოვრება. დიდია პასუხისმგებლობა ეკლესიის და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც ეს ყველაფერი განიცადა და გულთან მიიტანა. უფლის ეკლესიაა და სამყაროც უფლისაა. იმედით უნდა ვუყუროთ ხვალინდელ დღეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.