ირაკლი ქადაგიშვილი: ორი წლის წინაც დადებითი იყო სანქციების აღსრულების შემსწავლელი მისიის შეფასება, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ოპოზიციას, გაეგრძელებინა საქართველოს დადანაშაულება

ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის მისიამაც, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს სწავლობდა, დაახლოებით ორი წლის წინ დადებითი შეფასება გააკეთა, თუმცა ამას ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ხელი არ შეუშლიათ, საქართველოს დადანაშაულება გაეგრძელებინათ.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის ოფიციალურ წერილს, რომელშიც დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიცია ახლაც გააგრძელებს ტყუილების გავრცელებას.

„გვახსოვს, დაახლოებით ორი წლის წინ ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოში ჩამოსულმა მისიამ, რომელიც აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან შედგებოდა. ის მისია სწორედ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს სწავლობდა. მაშინ ამ მისიის შეფასება ანალოგიური, დადებითი იყო და აქცენტი გაკეთდა თვითონ სისტემის და სტრუქტურის გამართულ მუშაობაზე.

ამან ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალა, გაეგრძელებინათ საქართველოს დადანაშაულება, თითქოს საქართველო არის შავი ხვრელი რუსეთისთვის აკრძალული საქონლის, მათ შორის იარაღის მიწოდებაში. ანალოგიური განცხადებები შეიძლება, ოპოზიციამ რამოდენიმე დღის განმავლობაში არ გააკეთოს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მიიღებენ დავალებას, რომ საქართველოს ხელისუფლების გაშავების პოლიტიკა გააგრძელონ. დარწმუნებული ვარ, გააგრძელებენ კიდეც ჩვეული სიჯიუტით ამ ტყუილი, ფეიკების გავრცელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.