ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას და მათ მფარველებს ახლა აქვთ ბოლო ბერკეტი, რომ იქნებ რამენაირად ქვეყანაში სავიზო რეჟიმი გააუქმონ, მაგრამ ეს ნაბიჯი ევროპის იდეას დააზიანებს

ქადაგიშვილი

რაღაც გარე ფაქტორმა კიდევ უნდა იმოქმედოს, რომ აქ მშვიდობამ და სტაბილურობამ საბოლოოდ არ დაისადგუროს. ამიტომ ოპოზიციას და მათ მფარველებს ახლა აქვთ ბოლო ბერკეტი, რომ იქნებ რამენაირად ქვეყანაში სავიზო რეჟიმი გააუქმონ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შეუჩერდება უვიზო მიმოსვლა, ამით ევროპის იდეა დაზიანდება და სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი სახელმწიფო ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს.

„მაგრამ უკვე ეს ნაბიჯიც კი იმდენად არა საქართველოს, არამედ ევროპის იდეას აზიანებს. ანუ ევროპისთვის ეს თვითდაზიანების პოზიცია იქნება და ამას ბევრი ევროპული სახელმწიფო ხვდება და ამიტომაც ამბობენ ისინი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას ამ ნაბიჯზე არ მიყვებიან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.