ირაკლი ქადაგიშვილი: მაია სანდუ არის გამხმოვანებელი. ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება

ირაკლი ქადაგიშვილი

„მაია სანდუ არის გამხმოვანებელი. ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, „მაია სანდუს პოლიტიკური კარიერა თავიდან ბოლომდე გარედან დანიშვნაზეა დამოკიდებული და ამიტომ, მან ეს ხარკი უნდა იხადოს“.

„ჩვენ თუ წავიკითხავთ მაია სანდუს განცხადების შინაარს, იქ ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჩვენ რუსულ ორბიტაზე დავბრუნდით იმიტომ, რადგანაც ომის შიშით მოვახერხეთ ხალხში არჩევნების დროს ხმების მიღება. ანუ, ნახეთ როგორ იკვეთება, როგორი წინააღმდეგები არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკისა და პოზიციისა, რომელიც საქართველოს აქვს. კიდევ ერთხელ ჩანს აქ მისი დამკვეთების გაღიზიანების წყარო საიდან მოდის, რომ საქართველო ვერ ჩაითრიეს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ანუ, ეს გეოპოლიტიკური ომის რუკა, რომელიც გულისხმობდა, რომ რუსეთს უნდა ჰქონოდა რამდენიმე მხრიდან ცხელი წერტილი, რაც მის მდგომარეობას, ბუნებრივია კიდევ უფრო დაამძიმებდა. საქართველომ ამ როლის შესრულებაზე უარი განაცხადა. აი, ეს უპატიებელია იმ ბიუროკრატიისთვის, იმ პოლიტიკური მეინსტრიმის ხალხისთვის, ვინც ჯერჯერობით ევროპაში საქმეებს წარმართავს. მაია სანდუ ამ შემთხვევაში არის გამხმოვანებელი. ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე განცხადებით, მაია სანდუ მხოლოდ თავის თავს კი არა, მოლდოვას, როგორც სახელმწიფოს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ურთიერთობებს წირავს.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.