1763823086
ირაკლი ქადაგიშვილი Fitch-ის რეიტინგზე: არსებობს კონკრეტული, ყველაზე დიდი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელოვან პროგრესს ყველა მიმართულებით
სააგენტო Fitch-ის ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოს პროგრესი და გაუმჯობესებული პარამეტრები დასტურდება. პოზიტიურ ტენდენციებს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლება სწორ, ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რაც სტაბილურობის შენარჩუნებისკენ არის მიმართული.
"არსებობს კონკრეტული კვლევები, კონკრეტული ყველაზე დიდი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები, ოფიციალური მონაცემები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელოვან პროგრესს ყველა მიმართულებით. Fitch-ი არის მსოფლიოში ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი სარეიტინგო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო მდგომარეობას ზომავს და აფასებს. ჩვენს სწორი პოლიტიკით, ამ გზას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებთ,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
Fitch-ი 2025 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.6%-დან 7.3%-მდე აუმჯობესებს, ხოლო 2026 წლის პროგნოზს 5.2%-დან 5.3%-მდე ზრდის. ამასთან, სააგენტო ელის რომ 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდება.
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურამდე" გააუმჯობესა. საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული გადახედვაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა რეზერვებს. ,,საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ისტორიულ მაქსიმუმს 5.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ასევე, რეზერვების ზრდას შეუწყო ხელი ძლიერმა შემოსავლების დინამიკამ ტურიზმიდან (2025 წლის I - III კვარტალი - 5.1%-იანი წლიური ზრდა), ფულადი გზავნილების მატებამ (იანვარი - ოქტომბერი 7.1%-იანი წლიური ზრდა), ბანკების FX დეპოზიტებზე გამკაცრებულ სარეზერვო მოთხოვნებმა და დოლარიზაციის შემცირების ზოგადმა ტენდენციამ”, - წერს Fitch-ი.










