ირაკლი ქადაგიშვილი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე: ზოგადად, რა რეპუტაციის მატარებელი ადამიანიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის მიუღებელია, როცა არაობიექტურად, მიკერძოებულად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში

ირაკლი ქადაგიშვილი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობენ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, რასმუსენი თავად სკანდალშია გახვეული, რაზეც ადგილობრივი მედია წერს.

დანიური ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რასმუსენმა საკუთარი პარტიის წევრს, მაიკ ფონსეკას, 60 000 დოლარამდე თანხა შესთავაზა იმ პირობით, რომ დეპუტატი საკუთარი ნებით წავიდოდა პარლამენტიდან. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი 15 წლის გოგონასთან ურთიერთობაშია მხილებული.

"თუ ამ პიროვნებას თავის ცხოვრებაში რამე პრობლემა აქვს, ამას, ალბათ, დანია და დანიის სასამართლო მიხედავს, მაგრამ ზოგადად, რა რეპუტაციის მატარებელი ადამიანიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის მიუღებელია, როცა არაობიექტურად, მიკერძოებულად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, როდესაც მორალისტური პოზიციიდან გველაპარაკება და თავად ამ პოზიციაზე დგომის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ლოკე რასმუსენი წერს, რომ გმობს ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას. "დანია მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას და მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას. დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს", — წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი.