1775651796
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მანდატი უფრო ფართო იქნება, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა, ან მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სახით თვისობრივად ახალი ინსტიტუტი იქმნება, რომლის მანდატი უფრო ფართო იქნება, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა და უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
„ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე და იმ ამოცანების განსახორციელებლად, რომლებიც დასახულია კონკრეტული მიმართულებებით - იქნება ეს კაპიტალის ბაზრის განვითარება, ენერგეტიკა თუ ეკონომიკური პოლიტიკის სხვა პრიორიტეტული საკითხები, დღის წესრიგში დადგა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მანდატის მნიშვნელოვანი გაფართოება და ინსტიტუციური გარდაქმნა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე იქმნება, ასევე მასში მოხდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი სწრაფად წარიმართება. ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი ინსტიტუციის შექმნის პროცესი ძალიან აქტიური კომუნიკაციის პირობებში მიმდინარეობს - მათ შორის კერძო სექტორთან მთელ რიგ ცვლილებებზე, რაც აღნიშნული მიმართულებითაა დაგეგმილი.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კორპორაციაში მოხდება დღეისთვის სახელმწიფოს ხელთ არსებული, ეკონომიკის განვითარებისთვის და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის მოწოდებული და შექმნილი ყველა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტრუმენტის თავმოყრა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.











